ედიშერ ჭელიძე – როგორი კაცობრივი სხეული მიიღო მაცხოვარმა – ადამის დაცემამდელი(ცოდვამდელი) თუ დაცემის(ცოდვის) შემდგომი?

ზანდუკი

გვ.272-279

აღნიშნულ კითხვაზე დოგმატური პასუხი მართლმადიდებელმა ეკლესიამ გასცა თავისი ამქვეყნიური დაფუძნებისთანავე. მეტიც, თვით წმინდა ოთხთავში უცხადესადაა ნაუწყები, რომ მაცხოვრის ყოვლადპატიოსანი და ყოვლადუცოდველი ხორცი უკლებლივ ყველა თავისი ბუნებითი თვისებით იყო აბსოლუტურად იმგვარი, როგორიც გახდა ადამის ხორცი ცოდვითდაცემის შემდეგ. მართლაც, წმინდა მოძღვართა მიერ შეუძრავ და ცხონების ქვაკუთხედ დებულებად არის დადებული სწავლება იმის შესახებ, რომ პირველცოდვამ ადამის სხეული, რაც მანამდე ღვთის მადლით იყო უხრწნადი, უკვდავი და უვნებო (ანუ ცოდვამდელი სხეული არ ექვემდებარებოდა სიკვდილს და არ განიცდიდა არანაირ ვნებულებას – არც შიმშილს, არც წყურვილს, არც დაღლას, არც ძილს და არაფერს ამგვარს სხვას, რაც კი უყვედრელ ვნებულებად იწოდება), ცოდვისა და დაცემის შემდეგ გახდა ბიოლოგიურად ხრწნადი, მოკვდავი და ვნებული (ანუ დაექვემდებარა უყვედრელ ვნებულებებს: შიმშილს, საზრდოს მსაჭიროებლობას, წყურვილს, მოწყლვადობას, ხორციელ ტკივილს, ძილს, გამონადენს, დაღლადობას და ა.შ.). შესაბამისად, უნათლესია, რომ მაცხოვარი, რომელსაც კაცობრივად ჭეშმარიტად მოშივდა, ჭეშმარიტად მოსწყურდა, ჭეშმარიტად დაიღალა, ჭეშმარიტად ეძინა, ჭეშმარიტად ჰქონდა ოფლი, ცრემლი, სისხლი, ჭეშმარიტად იტანჯა (ივნო) ჯვარზე და ა.შ., თავისი კაცობრივი სხეულით ბუნებითად უიგივდებოდა ადამის ცოდვითდაცემულ ხორცს, იმ განსხვავებით, რომ მაცხოვარმა ამგვარი (ცოდვითდაცემული და დასნეულებული) სხეული მიიღო ყოვლად უცოდველად ანუ სრული უცოდველობით, მაშინ როცა ადამმა (და ადამში მთელმა კაცობრიობამ) სწორედ საკუთარი ცოდვით და დანაშაულით (გარდასვლით) თვით დაისნეულა თავისი თავი და სამართლიანად მიიღო სასჯელი, ერთ მხრივ, ხორციელი მოკვდავობა, ხრწნადობა და ვნებადობა, მეორე მხრივ კი, ხორციელი სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში შთაკვეთებულობა ანუ სულიერი სიკვდილი.

ამრიგად, მაცხოვრის კაცებას ადამის ცოდვამდელ მდგომარეობასთან აკავშირებდა მხოლოდ უცოდველობა, ხოლო მისი კაცობრივი სხეულის თვისობრივი ანუ ბუნებითი (არსობრივი) ნიშნეულობანი აბსოლუტურად უიგივდებოდა ადამის დაცემული სხეულის ნიშნეულობებს.

დებულება იმის შესახებ, რომ ყოვლადუცოდველმა უფალმა ნებსით ბუნებითად მიიღო საკუთრივ ცოდვითდაცემული კაცობრივი სხეული, ფუძე-დოგმატია მართლმადიდებელი ეკლესიის და მასზეა დაფუძნებული მაცხოვნებელი სწავლბა განკაცების შესახებ.

ამიტომ, უარყოფა იმისა, რომ მაცხოვარმა განკაცებისას მიიღო ადამის ცოდვითდაცემული სხეული ყველა მისი უყვედრელი ვნებულებებით, უარყოფაა თავად განკაცებისა, ვინაიდან განკაცების არსი და სოტერიოლოგიური მიზანდასახულობა სწორედ ისაა, რომ მაცხოვარმა ბუნებითად მიიღო არა დაუცემელი და დაუსნეულებელი (უხრწნადი და უვნებო) ხორცი ცოდვამდელი ადამისა, არამედ – მხოლოდ და მხოლოდ ცოდვითდაცემული და დასნეულებული, ვინაიდან სწორედ ამგვარი სხეული საჭიროებდა განკურნებას.

კვლავ აღვნიშნავთ, რომ ეს არის ერთადერთი სწავლება მართლმადიდებელი ეკლესიისა, ხოლო საპირისპირო აზრი (რომ თითქოს მაცხოვრის ხორცი იყო უხრწნადი, უკვდავი და უვნებო ანუ ცოდვამდელი ბუნების მქონე) უბილწესი აფთარტოდოკეტისტური (ანუ ქართულად “უხრწნად-მზმანებლობითი”) ერესის გამოხატულებაა, რაც აურაცხელგზის არის უკიდურესად დაგმობილი წმინდა მოძღვართა მიერ.

უპირველესად, მოვისმინოთ სრულიად ნათელი და ერთმნიშვნელოვანი რჯულდებითი პასუხი იმის შესახებ, თუ რა სახის სხეული მიიღო მაცხოვარმა. ეს პასუხი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოთქმულია უდიდესი დოგმატიკოსის, წმ. ანასტასი სინელის პირით, რომლის შრომა, სახელწოდებით “წინამძღვარი”, წმ. არსენ იყალთოელმა თავისი “დოგმატიკონის” პირველ ძეგლად განგვიწესა და ასეთი ანდერძი დაურთო მას:

“ესე ნამდჳლვე სეხნად სახელისა თჳსისა წინამძღუარი არს წმიდისა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისაჲ და თუალი, რომლითა ჰხედავს, და პირი, რომლითა ზრახავს, და სასმენელი, რომლითა ესმინ ღმერთშემოსილთა მამათა უცთომელნი მოძღურებანი, და საყნოსელი, რომლითა იყნოსს სულნელებასა ღმრთივსულიერთა ყუავილთასა და მარჯუენე მკლავი, რომლითა ესრის და სდევნის სამწვალებლოთა მჴეცთა გესლიანსა სიბოროტესა”

სწორედ აღნიშნულ შრომაში, რომელიც შერაცხილია “მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად”, “მართლმადიდებელი ეკლესიის თვალად”, “პირად”, “ყურად” და იმ “მარჯვენა მკლავად”, რითაც განიგმირება მწვალებელ მხეცთა გესლიანი სიბოროტე, სრულიად გარკვევით და დებულებითად ნაუწყებია შემდეგი:

“არათუ ადამიანის დაცემამდელი მრთელი და უხრწნელი სხეული შეიმოსა მან, რადგან მრთელი, უხრწნელი და უკვდავი არ საჭიროებდა კურნებას. ამიტომ, ჩემი დასნეულებული, შეცვლილი სხეული მიიღო ღმერთმა-სიტყვამ, – ხრწნადი(φθαρτόν), წარმდინარე, შენივთიერებული, მსაჭიროებელი, მოკვდავი, ვნებული, მომშევარი, მომწყურვალე, დამაშვრალი, – რომ ამათ ყოველთაგან გაეთავისუფლებინა იგი” (XIII.5, PG. 89, 220 D).

დავიმოწმებთ, აგრეთე, წმ. არსენ იყალთოელის თარგმანს:

“არათუ მრთელნი და უხრწნელნი ჴორცნი გარდასლვითა დაუცემელისა კაცისანი შეიმოსნა, ვინაჲთგან მრთელსა და უხრწნელსა და უკუდავსა კურნებაჲ არა ეჴმარებოდა, არამედ დასნეულებულნი და შეცვალებულნი ჴორცნი ჩემნი მიიხუნა ღმერთმან-სიტყუამან: განხრწნადნი, წარდინებადნი, სიზრქით-კერძნი, მოქენენი, მოკუდავნი, ვნებულნი, მომშევარნი, მოწყურალნი, დამშრომნი, რაჲთა ამათ ყოველთა განათავისუფლნეს იგი” (S-1463, 27.1).

                                                                         ბერძნ.                                                                                                                                                                                                                             XIII.5, PG. 89, 220D)1
                                                                   ლათ. თარგმ.                                                                                                                                                         NEQUE ENIM nulli molestiae obnoxium, aut corruptionis nescium corpus induit, QUALE ERAT HOMINIS ANTE LAPSUM. Nam id quod molestiae nulli subiacebat, interitus et mortis expers, nulla medicina egebat. IGITUR AEGRAM ET MALE HABITAM ACCEPTAMQUE CARNEM MEAM ASSUMPSIT VERBUM, corruptibilem videlicet, fluxilem, densam, indigam, mortalem, passibilem, fami, siti et laboribus expositam, ut ab his omnibus illam liberaret, PG. 89, col 219 D.
 

სასევე, წმ. იოანე დამასკელი, რომელსაც წმ. გრიგოლ პალამა უწოდებს “ღვთისმეტყველთა საერთო ენას”, ხოლო სახელგანთქმული “მართლმადიდებლობის სინოდიკონი” სახელდებს “უღვთისმეტყველეს” მოძღვრად, თავის “გარდამოცემაში”, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური სახელმძღვანელოა, რჯულდებითად გვასწავლის:

 

“ვაღიარებთ, რომ უფალმა მიიღო ყველა ბუნებისეული და უყვედრელი ვნებულება, რადგან მიიღო მან მთლიანი ადამიანი და ყოველივე ადამიანისეული, გარდა ცოდვისა. … ბუნებისეულია და უყვედრელი ის ვნებულებანი, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული და რაც ადამიანურ ყოფაში შემოვიდა იმ სასჯელისგან გამომდინარე, გარდასვლას რომ მოჰყვა. ასეთებია: შიმშილი, წყურვილი, დაშვრომა, ჯაფა, ცრემლი, ხრწნადობა, სიკვდილისგან გარიდება, შიში, ურვა (რისგანაც არის ოფლი, სისხლის კოლტები), ბუნების უძლურების გამო ანგელოზთაგან შემწეობა და სხვა ამგვარი, რაც ბუნებითად არის ყველა ადამიანში. ამრიგად, ყოველივე მიიღო ქრისტემ, რომ ყოველივე განეკურნა” (გარდ. თ. 64, გვ. 413-414. PG. 94, Col. 1081 BC).

შდრ. წმ. არსენის თარგმანი:

“აღვიარებთ უკუე, ვითარმედ ყოველნი ბუნებითნი და უგიობელნი ვნებანი კაცისანი მიიხუნა, რამეთუ ყოვლითურთ კაცი და ყოველნი კაცისანი მიიხუნა თჳნიერ ცოდვისა. … ხოლო ბუნებითნი და უგიობელნი ვნებანი არიან არა ჩუენ-ქუეშენი იგი, რაოდენნი გარდასლვისამიერისა დაშჯილებისაგან შემოვიდეს კაცობრივსა ცხორებასა: შიმშილი, წყურილი, შურომაჲ, ტკივილი, ცრემლოაჲ, ხრწნილებაჲ, სიკუდილისაგან ჯმნაჲ, მოშიშებაჲ, ურვაჲ, რომლისაგან იყვნეს ოფლნი, ცუარნი სისხლისანი, უძლურებისათჳს ბუნებისა ანგელოსისამიერი განძლიერებაჲ და ეგევითარნი, რომელნი ყოველთა კაცთა შორის ბუნებითნი არიან”.

ბერძნ.

შდრ. რუს.

 
 

ამრიგად, როგორც ვხედავთ, მართლმადიდებელი ეკლესიის შეუვალი დოგმატური პასუხი გაცემულია, რასაც ქვემოთ განვავრცობთ წმინდა მოძღვართა ანალოგიური სწავლებებით იმის შესახებ, რომ მაცხოვრის კაცობრივი სხეული ვიდრე აღდგომამდე იყო ჭეშმარიტად ვნებულებითი და ბიოლოგიურად ხრწნადი ანუ იმგვარი, როგორიც ადამის სხეული გახდა ცოდვითდაცემის შემდეგ.

სწორედ ამ ასპექტზე (მაცხოვრის კაცობრივი ვნებითობასა და ხრწნადობაზე) ხაზგასმაა სადღეისოდ სრულიად აუცილებელი, ვინაიდან თანამედროვე აფთარტოდოკეტისტები, ნიღბავენ რა საკუთარ მწვალებლობას, ერთი მხრივ, იმის ფორმალური აღიარებით, რომ უფალმა განკაცებისას იტვირთა ცოდვის შედეგი, მეორე მხრივ კი, მაცხოვრის კაცობრივი უცოდველობის მომიზეზებით, უმძიმეს აფთარტოდოკეტისტურ დასკვნამდე მიდიან, ვინაიდან მაცხოვრის მიერ ცოდვის შედეგის მიღებას რაცხენ როგორც ოდენ გარეგან არაბუნებისეულ მოვლენას ანუ როგორც მხოლოდ “პირობას” (условие), აქედან გამომდინარე კი, სრულიად დაუფარავად და დებულებითად, მაცხოვარს საკუთრივ ცოდვამდელი ადამის სხეულის მიმღებად დაგვისახავენ.

რა განაპირობებს ამგვარი შეხედულების ხიბლს ანუ იმ დამღუპველ მიმზიდველობას, რაც არაერთი წრფელი მორწმუნის დასნებოვნების მიზეზი ხდება?

მიზეზი კვლავაც იგივეა, რაც ძველად იყო და რაზეც უკვე მივანიშნეთ: თითქოსდა განსაკუთრებული კრძალვის გამოვლენა მაცხოვრის კაცობრივი სიწმინდისადმი, რაც ბევრის გონებაში აღმოაცენებს აზრს იმის შესახებ, რომ ესოდენ წმინდა კაცება მაცხოვრისა ვერ იქნებოდა მიმღები ცოდვითდაცემული ანუ ბუნებითად მოკვდავი, ხრწნადი და ვნებულებითი ადამიანური ხორცისა, აქედან კი პირდაპირი გზა იხსნება იმ წარმწყმედი ცრუსწავლებისკენ, რომ მაცხოვრის სხეული იყო ცოდვამდელი ადამისა ანუ იმ დროისა, როდესაც კაცობრივი ბუნება ღვთის მადლით უხრწნადი, უვნებო და უკვდავი იყო.

საზოგადოდ, აბსოლუტურად ყველა ერესი ერთი ზოგადი პრინციპის პრაქტიკული ხორცშესხმის გამოვლინებაა, რაც გულისხმობს წმინდა სწავლების მარტოოდენ ერთი ნაწილის მიღებას, ხოლო მეორე ნაწილის ჩანაცვლებას სრულიად სხვა სწავლებით და ამ უკანასკნელის (სხვა სწავლების) შენიღბვას სწორედ იმ პირველით (რაც ჭეშმარიტია).

ამჯერადაც, სწავლება იმის შესახებ, რომ მაცხოვრის კაცება აბსოლუტურად წმინდაა როგორც საკუთრივ პირველქმნილი ანუ ადამისეული ცოდვისგან, ასევე, საზოგადოდ, ყველა სხვა ცოდვისა თუ ცოდვისმიერი მიდრეკილებისგან, აღსარებითი დოგმატია მართლმადიდებელი ეკლესიის და ამ დოგმატზეა დასაძირკვლებული საეკლესიო მოძღვრება მაცხოვრის კაცობრივი ბუნების ყოვლადი უმწიკვლოების შესახებ.

სწორედ ამიტომაა განსაკუთრებით ვერაგული ამ უწმინდესი სწავლების მომიზეზება აფთარტოდოკეტისტთა საანათემო (უკეთ, მრავალგზის ანათემირებული) ცრუსწავლების შემოსატანად, რომ თითქოს მაცხოვრის უცოდველობისთვის თვისობრივად შეუფერებელია ცოდვისშემდგომი სხეული და თითქოს, გამომდინარე აქედან, მას მიღებული უნდა ჰქონოდა სწორედ ცოდვამდელი ხორცი ადამისა.